საისტორიო ნაწარმოებთა კრებული


1446/33

ზოგადი აღწერა:

კრებულში შეტანილია ვახუშტი ბატონიშვილის „ქართლის ცხოვრება“, ომან ხერხეულიძის „შემოკლებული ისტორია მეფის თეიმურაზისა და ძისა მისისა მეფის ირაკლისა“ და თავად შემდგენლისა და გადამწერის - დავით თუმანიშვილის მიერ შედგენილი ვრცელი ჩანართები და გენეალოგიური ტაბულები. ვახუშტი ბატონიშვილის ტექსტი 1753 წლის მოვლენებით სრულდება, ომან ხერხეულიძის „ისტორიის“ ნაწილი მეფე თეიმურაზ I-ისა და ერეკლე II-ის მეფობის პერიოდს მოიცავს.

დავით თუმანიშვილის შენიშვნების გათვალისწინებით ხელნაწერი XIX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს გადაწერილი. საფუძვლად რამდენიმე ხელნაწერი აქვს გამოყენებული, ერთი ძირითადი ტექსტისთვის და სხვა გარკვეული ნაწილების შესავსებად, რასაც თავადვე აღნიშნავს ანდერძებში.


შიფრი:
1446/33
სახელწოდება:
საისტორიო ნაწარმოებთა კრებული
თარიღი:
1813-1826 წწ.
ავტორ(ებ)ი:
ფურცლების რაოდენობა:
384
დაუწერელი ფურცლები:
95v, 150v, 214v, 226v, 298აv, 325v-326v, 350v-353v, 354v, 368v-369v, 378v.
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ტვიფრული, ტყავგადაკრული მუყაოს შავი ფერის ყდა. 

ზომები

ყდის:

330x215


ქაღალდის:

320x210


ტექსტის:

232x148


სისქე:

70


სტრიქონებს შორის მანძილი:

7

არშიები

ზედა:

45


ქვედა:

45


მარცხენა:

26


მარჯვენა:

44

სტრიქონების რაოდენობა:
31
განკანონება/ჭვირნიშანი:

ხელნაწერს აქვს ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

აღრიცხვა - რვეულებრივი და ფურცლობრივი. ქვედა არშიაზე რვეულებრივი აღრიცხვა აღნიშნულია ერთი რვეულის დასაწყისსა და მეორის რვეულის დსასარულსს. იწყება 1-ლი რვეულდათარით (6 ფურცელი), თანმიმდევრობით გრძელდება 8-8 ფურცლიანი რვეულებით და სრულდება 50-ე ნაკლული რვეულით (2 ფურცელი). ფურცლობრივი გვხვდება ზედა არშიაზე, მხოლოდ 1-200 გვერდი თანადროულია, შესრულებულია ყავისფერი მელნით, გვიანდელი 201-384 - შესრულებულია ვასილ ბარნოვის მიერ წითელი მელნით. დაუნომრავია ტაბულები,

ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი სრულია, რესტავრირებული.
დასაწყისი:


ტომობა და ჰშთამომავლობა ქართველთა ნოეს ძის იაфეთის თესლისაგან, ვიდრე ქართლოსისა და ძმათა მისთამდე და განყოფილებანი მათნი და ძეთა მათთა ...“ (1r-96r).


სათაურ(ებ)ი:

[ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება]

ქვესათაურ(ებ)ი:

ტომობა და ჰშთამომავლობა ქართველთა (1r-8v).

აღწერა სამეფოჲსა საქართუჱლოჲსა (9r-95r).

შენიშვნა:

ტექსტის ბოლოს ჩართულია დავით თუმანიშვილის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა განმარტებითი შინაარსის ტექსტითა და ანდერძით: 

 „უწყებულება ქარტისა ამის მკითხუჱლთათჳს: ნოედამ ვიწყე ქარტა ესე, ხოლო, მკითხუჱლნო, იუწყეთ ესრეთ, რომელ ყვითლის ფერითა არიან ქართლოსიანნი: მას ზედან მოშაოდ ყვითლითა - არშაკუნიანნი, მწვანითა - ნებროთიანნი, ლურჯითა - ხოსროვიანნი, პირისფერითა - ბაგრატოანნი, ხოლო ამათ შორის რომელნიცა მეფენი და მთავარნი არიან, მათ რიცხვი უსხედს და მისდევს. მით იგულისხმეთ და რომელთაც არ უსხდეს, ისი ძენი მისნი და ძმანი მათნი არიან, არა მეფენი და მთავარნი და ფოთლათ წითელი თუ სხუაფერი სამკუთხედი აბიათ, ისინი ცოლნი და ქალნი არიან. ქარტა ესე არს წარმომჩენელი, ვიდრე 78 მეფის გიორგისადმდე და მის დროს რა განჰსქდა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ საქართუჱლო ქრისტესსა 1465 წელსა, მის შემდგომნი მეფენი თჳსთა ისტორიათა შინა ჩამირთავს ეს სახედვე, რომელიცა ვიმუშაკე თავით ჩემით და არა სხჳდამ გარდმოღებით მე თავადმა მდივნის ეგნატის ძემ ნადვორნის სოვეტნიკმან დავით თუმანოვმან, ქრისტესა 1826 წელსა“ (95აr).


უწყებულება მკითხუჱლთათჳს (96r-100v)

აღწერა აწინდელისა ქართლისა საზღურით, მთით, მდინარეებით და ადგილთა და მას შინა შენებულებთა (101r-176r).

შენიშვნა:

ტექსტის ბოლოს ჩართულია დავით თუმანიშვილის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა განმარტებითი შინაარსის ტექსტითა და ანდერძით: 

„უწყებულება მკითხუჱლთათჳს: შემდგომად განხეთქილებისა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ, დასჯდა საქართუჱლოს ნაწილსა ზედა ქართლის მეფედ ძე გიორგისა 79 კოსტანტინე და ვიწყე მისგან ვიდრე უკანასკნელ მეფის გიორგისადმდე ქმნა ქარტისა ამის: ესრედ შეისწავედ, მკითხუჱლნო, რომელთაც რიცხჳ მისდევს, მეფენი არიან და რომელთაც ა აქვსთ რიცხვი, ისინი ძმანი და ძენი არიან და რომელთაც ჯუარი უსხედსთ, ისინი სამღუდელონი არიან, პირისფერით ქართველთ მეფეთ ბაგრატოანნი არიან და ალისფერით კახთ მეფეთ ბაგრატოანი ნაზარალი ხანიდამ და ისფრად ფოთოლნი - ცოლნი და ქალნი არიან, ვქმენ ქარტა ესე თავადმა მდივნის ეგნატის ძემ, ნადვორნის სოვეტნიკმა დავით თუმანოვმან, 1826 წელსა ქრისტესსა, დავით“ (175აr).

აღწერა ჰერეთისა, კახეთისა და კუხეთისა, კუალად თუშეთისა და დიდოეთისა (176r-215r).

აღწერა აწინდელთა მეპატრონეთა (190v-215r). 

შენიშვნა:

ტექსტს ახლავს ვასილ ბარნოვის ავტოგრაფული მინაწერი წითელი მელნითა და მხედრულით: „რიცხვები აღარ ესხდა და მე დაუსხი აქედან. ვასილ ბარნოვი“ (201r, ზედა არშია).


აღწერა აწინდელისა ოვსეთისა ანუ კავკასიათა შინათა (215r-222v).

აღწერა საჩინოთა ადგილთა სამცხე-საათაბაგოსთა (223r-250v). 

ცხოვრება სამხცე-საათაბაგოსი (234r-250r). 


შენიშვნა:

ტექსტის ბოლოს ჩართულია დავით თუმანიშვილის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა განმარტებითი შინაარსის ტექსტითა და ანდერძით: 

„წარმოჩენა მკითხუჱლთათჳს: ხოლო ოდეს მოვიდა დავით წინასწარმეტყუჱლის გუარისა შჳდთა ძმათაგანი გურამ ძე სოლომონისა, დაესიძა მირდატს, ძესა ვახტანგ გორგასლანისასა და მან მისცა და თჳსი ცოლად და ტაოს ერისთვობა. შემდგომად სიკუდილისა მირდატისა და ძმისა მისისა ლეონისა და ძეთა მათთა, დაუმკჳდრესთ სამკჳდრებელი თჳსი ძესა ბაგრატისსა, გურამს მეფობა ქართლისა და კურატპალატობა ქრისტესსა 586 წელსა. ამან იწოდა მამისა თჳსისა სახელით ბაგრატიანობა და ძენი მისნი და ჰშთამომავლობანი ზოგნი ქართლსა ისხდნენ მეფეთ, ზოგნი - სამცხე-კლარჯეთსა, ტაოსა და სხუათა ადგილთა და სომეხთა მეფეთა სამეფოთა ზედა და სხუანი ერისთავად და ერისთავთ ერისთავად, რომელნი ისხდნენ ქართლს მეფენი, გინა მთავარნი, მათ უსხედსთ რიცხჳ და სხუათა სამცხესა, გინა სხვათა ადგილთ მეფეთა ერისთავთა არა უსხედს. ესე ყოველნი არიან პირისფერითა ბაგრატოანნი და შემდგომად დროსა თამარ მეფასასამან(!) იოანეს უწოდა ათაბაგობა ზაქარია ამირსპასალარის ძმასა, მხარგრძელსა, ვიდრე სარგის ჯაყელისადმდე იყუნენ მხარგრძელნი ათაბაგად, ესენი არიან ყვითლის ფერითა და მწუანითა არიან სარგის ათაბაგის ჯაყელი ციხისჯუარელი და ჰშთამოსრულნი ვიდრე უსუფ ფაშამდისა, ათაბაგი უსხედს იოანედამ რიცხჳ ათაბაგთა ანუ ფაშაუმყოფთა, იგინი არიან ფაშანი და თაბაგნი ესრეთ იგულისხმე, მკითხველო: ხოლო ყუარყუარეს დროს სრულიად არღარა მორჩილ ექმნენ მეფეთა ქართლისათა და არღარა მორჩილ ექმნენ და დაიპყრეს საყმოდ თჳსად ქრისტესა 1451 წელსა. ხოლო კუალად რა განიყუჱს ქუჱყანანი სულთან მურადმან და შაჰსეფი ყაენმან, დაჰშთა სულთანსა სამცხე-საათაბაგო და იმერეთი ქრისტესა 1636 წელსა. უმეტეს განიმკჳდრეს ათაბაგთა, ხოლო ოდეს იქმნა მახმედიან 21 ათაბაგი ბექა და უწოდეს საფარფაშა შერიათმახმედიანობა და შემდგომად 23 ათაბაგისა როსტომისა იქმნენ სრულიად მახმედიან. იქმნა ქარტა ესე ჴელითა თავადის ეგნატის ძის ნადვორნის სოვეტნიკის დავით თუმანოვისაგან ქრისტესსა 1826“ (250აr).


აღწერა ეგრისის ქუეყანისა ანუ აფხაზეთისა ანუ იმერეთისა (251r-299r).

ცხოვრება ეგრისისა, აფხაზეთისა ანუ იმერეთისა (267r-299r).

შენიშვნა:

ტექსტის ბოლოს ჩართულია დავით თუმანიშვილის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა განმარტებითი შინაარსის ტექსტითა და ანდერძით: 

„წარმოჩენა მკითხუჱლთათჳს აფხაზთა და იმერთა მეფეთა:

დაიპყრა რა მკლავითა თჳსითა 33 მეფემან ვახტანგ გორგასლან ეგრის მდინარეს იქით და ვითარმედ მოსცა კეისარმან მზითუადვე ვახტანგ გორგასლანსა და ეპყრათ ხოსროვიანთა, ვიდრე 40 სტეფანოს მთავრისადმდე ქრისტესსა 600 წელსა. ამავე წელსა მიუღო სტეფანოს მთავარსა კეისარმან ეგრის მდინარეს იქით. და დასუა ერისთავი თჳს ცვალებითა და უწოდა აფხაზეთი. ხოლო მოსლუასა მურუან ყრუსასა ქრისტესა 663 წელსა იყო ერისთავად ლეონ. ამან ლეონ ისტუმრა მეფენი მირ და არჩილ და მსახურებდა მეფებრ. შემდგომად უკუქცევისა მურუან ყრუსა, კეისარმან მოჰსცა ლეონს მკჳდრად ერისთობა და გჳრგინი და შემდგომად არჩილ მეფემანცა მისცა ასული მირ მეფისა ცოლად და მორჩილებდა მეფეთა. მოკუდა ესე ლეონ, დასჯდა ძმისწული ამისივე ლეონ. ესე ლეონ იყო ხაზართა მეფის ასულის წული, რომლითა შემწებითა უმეტეს განიმკჳდრა ს[ა]ერისთავო, ვინაჲდგან ბერძენთაცა მიღებოდათ ძალი. შემდგომად სიკუდილისა მთავართა 45 ჯუანშერ და იოანეს, განჰსდგა ესე ლეონ და მიიტაცა ლიხის მთიდამ ვიდრე ზღუადმდე და იწოდა აფხაზთა მეფედ ქრისტესსა 786 წელსა და იყუნენ მეფენი ვიდრე მეფის თეოდოსადმდე. ხოლო დროსა ამას აფხაზთა ითხოვეს დავით მეფის კურატპალატისაგან, რომელსა ეპყრა ტაო და სომეხთა მეფეთა სამეფო, 53 მეფის გურგანის ძე მეფე ბაგრატ შჳლობილი თჳთ დავით მეფისა, რომელიცა მოსცა და აკურთხეს მეფედ აფხაზთა ქრისტესსა 985 წელსა და იყუნენ მეფენი ერთ მეფობითა ბაგრატოანნი ვიდრე ლაშას ძის დავითისა და რუსუდანის ძის ნარინ დავითისადმდე და იწოდა იმერთა მეფედ, ხოლო ამა ნარინ დავითიდამ ვიდრე უკანასკნელ არჩილის ძის მეფის სოლომონამდის ისხდნენ მეფენი ერისთავნი, ბაგრატოანნი, ეგრეთვე ქართლის მეფენი და ძენი ესენი არიან პირისფერნი და შერეულნი არიან ლურჯნი და აფხაზთა მეფენი არიან მწუანენი, ლეონ აფხაზთა მეფიდამ, ვიდრე უკანასკნელ მეფის სოლომონისადმდე რაოდენნ მეფენი ანუ ერისთავნი ყოფილან ყოველთავე რიცხჳ უსხედს და რომელთაც არ უსხედს, ისინი არ არიან. ესრეთ გულისხმა ჰყავ, მკითხველო და მხილველო, ქარტისა ამის. იქმნა ქარტა ესე ჴელითა თავადის მდივნის ეგნატის ძის, ნადვორნის სოვეტნიკის დავით თუმანოვისაგან ქრისტესსა 1826 წელსა, ტფილისს“ (298ა).


შენიშვნა:

თავის ბოლოს დავით თუმანიშვილის ჩანართი ანდერძით:

ვინ ვისი სამწყსონი არიან (299v).

ანდერძი: „ეს ზემო წერილი ამ ქართლის ცხოვრებაში არ იყო. მე ერთ ადგილს ვპოვე და გარდმოვსწერ, შთაუმატე ამ ქართლის ცხოვრებას მე, ეგნატი მდივნის ძემ, თავადმა კოლლეჟკის სეკრეტარმა დავით თუმანისშჳლმან წელსა ქორონიკონსა 1813, ხოლო ქართულსა ქორონიკონს ფა იანურის 10 დღესა“ (299v).

[ქრონიკა] (300r-311r).

სათაურ(ებ)ი:

„მაწყუერელი უფროსი და ბისონიანი ..." (311r).

შენიშვნა:

ზემოთ მოტანილი ტექსტი დავით თუმანიშვილისაა, რასაც შძემდეგი ანდერძი მოწმობს:

„ესეც მე ვიპოვე და ამას შეუმატე, თუმცა თჳს ადგილს არ არის შთაწერილი, გარნა დაუკარგელობისათჳს ვქმენ ესე ამისთჳს ნუ დამგმობთ. თავადი დავით იგნატის ძე თუმანოვი. თვესა ფებერვალსა 25-სა, 1820-სა წელსა, ტფილისი“ (311r).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია: ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, 1973 წ., გვ.47-914.

ქვესათაურ(ებ)ი:

[სინქრონული ტაბულა XVIII ს-ის შუამდე] (311v-320r).

სომხითის სოფლები ქრისტეანეთა და თათრისობა (320v-325r).

შენიშვნა:

 ბიბლიოგრაფია: ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, თბილისი, 1997 წ. გვ. 194-325.

სათაურ(ებ)ი:

[ომან ხერხეულიძე] შემოკლებული ისტორია მეფის თეიმურაზისა და ძისა მისისა მეფის ირაკლისა (327r-349v). 

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია: ა. მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა, ქარეთლის ცხოვრება, ნაწ. II, დ. ჩუბინაშვილის გამოცემა, სპბ, 1854 წ. 

შენიშვნა:

ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამსოაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ლ. მიქიაშვილმა, თბილისი, 1989 წ.

ქვესათაურ(ებ)ი:

ქალაქებისა და სოფლების სია (354r) 

ქალაქნი საქართუჱლოჲსანი უწინარეს განყოფილებისა და შემდგომად განყოფილებისა სამ სამეფოდ ... (355r-368r).

ციხენი საქართუჱლოჲსანი უწინარეს განყოფილებისა და შემდგომად განყოფილებისა სამ სამეფოდ, შენნი და უშენნი, აღწერილ არს ანბანსა ზედა მხოლოდ სახელნი ციხეთანი ... (369v-371r).


შენიშვნა:

ახლავს შემდეგი ანდერძი: „თუმცა არიან ციხენი მრავალნი უსახელობის გამო დამჰშთნენ, რომელნიმე და რომელნიმე იქმნება შემცდა, რომელ აქ ვერ მოვიხსენე. უკეთუ გწადდესთ, აღწერასა შინა იძიეთ და ეგრეთვე ზემოხსენებულთა ციხეთა აღშენებად თუ ვისგან აღშენებულან, მუნ ჰსცნობთ. დავით თუმანოვი“ (371v).


მდინარენი უდიდესნი რომელნიმე უწინარეს განყოფილებისა საქართუჱლოჲსა არიან. ანუ რომელთა ჰქონან თევზნი, ანუ სახელნი რით ეწოდათ, აქავე მოიხსენიებიან ... (371v-374v).

ხოლო რაოდენნი ტბანი არიან დიდნი და მცირენი, თევზიანნი და უთევზონნი (374v-375r).

მეფენი საქართუჱლოჲსანი (375v-378r).

წესი და განგება კურთხევისათჳს მეფისა. დროსა მასა თუ ვითარ დასხდნენ მღუდელთმთავარნი სრულიად საქართვჱლოსნი (379r-379v).

უცხო ხელმწიფეთა სიები (379v-382v).


წესდებულთათჳს მთავრობათასა გუართა ჰაიოსთა ანუ სხუათა და სხუათა გუართა, გინა მაზრაპანთა ანუ თუ კერძთმპყრობელთა სომხითისათა (383r-384v).


  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.20

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.238-246.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია ბარნაბ თუმანიშვილისაგან (ხელთუბანი, ქართლი).

ციტირება

საისტორიო ნაწარმოებთა კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/39 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში