სახარება / ოთხთავი


1446/107

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერი გრაფემათა განსაკუთრებული სიდიდის გამო სამეცნიერო წრეებში „ანბანდიდი სახარების“ სახელითაა ცნობილი. „ანბანდიდი სახარება“ უძველეს ქართულ ხელნაწერთა სულ რამდენიმე ნიმუშს შორისაა.

ტექსტის დეკორს წარმოადგენს მკაცრად ორგანიზებული ჩარჩო, ხელნაწერში ჩართული გოლგოთის ჯვარი (96r), დეკორირებული და სინგურით შემკული საზედაო გრაფემები, აქცენტირებული დასასრულები.

„ანბანდიდი სახარება“ ოთხთავის შემცველ იმ იშვიათ ხელნაწერთა რიგშია (ოპიზის (913 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.), თევდორესა (X ს.) და გაბრიელ პატარაის (X ს.)), რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ასომთავრულით. გაუხეშებულ, დალაქავებულ, თუმცა დღემდე მაინც კარგად მოღწეულ ეტრატის ხელნაწერს, საკმაოდ დიდ გეოგრაფიულ სივრცეში მოგზაურობის კვალი ეტყობა. 

ხელნაწერს შიგადაშიგ ახლავს XVII-XVIII საუკუნეებში შესრულებული მინაწერები, ხოლო ბოლოში დართული აქვს საკმაოდ მოზრდილი სულთა მატიანე, რომელიც გვიან შუასაუკუნეებს განეკუთვნება და ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს. ახლავს ასევე სხვადასხვა დროს შესრულებული ბერძნული და სომხური მინაწერები.

ხელნაწერი "დაუხსნია" ვინმე ისააკ მღვდელს; ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლენინგრადის (დღეს პეტერბურგის) სალტიკოვ-შჩედრინის საჯარო ბიბლიოთეკიდან.

შიფრი:
1446/107
სახელწოდება:
სახარება / ოთხთავი
საუკუნე:
VIII-IX
დათარიღების საფუძველი:

ა) პალეოგრაფიული ნიშნები.

ბ) შვეიცარიაში, კერძოდ Laboratory of Ion Beam Physics-ში ხელნაწერის უმცირეს ნაწილზე გაკეთებული ნალიზის პასუხი.

ფურცლების რაოდენობა:
192
დაუწერელი ფურცლები:
188v, 190v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ხელნაწერს აქვს 2 ყდა: ა) თანადროული (IX ს.) ყდის დაფები და ბ) დაახლოებით XIX საუკუნეში შექმნილი მუყაოს ყდა. ხის ზედა ფრთა მუყაოს ყდაზეა დაკრული. ძველი ყდა მხოლოდ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. ატყვია ტყავის ადრინდელი საკეტების კვალი. აქვს ტყავის დასამაგრებელი ხის სოლები.

ზომები

ყდის:

332x250 (გვიანდ.), 323x140 (ავთენტ.) // 285x240 (გვიანდ.), 330x227 (ავთენტ.)


ქაღალდის:

321x242


ტექსტის:

230x160


სისქე:

10


სტრიქონებს შორის მანძილი:

7

არშიები

ზედა:

25


ქვედა:

70


მარცხენა:

40


მარჯვენა:

50

სტრიქონების რაოდენობა:
17/18
განკანონება/ჭვირნიშანი:

კარგად ჩანს განკანონების ხაზები და წერტილები არშიებზე.

აღრიცხვა:

რვეულებრივი; იწყება ლე (35) რვეულით და მთავრდება მიჱ (58) რვეულით. რვეულები ძირითადად შედგება 8-8 ფურცლისგან, მხოლოდ ლჱ (38) და მზ (47) რვეულები შეიცავს 4-4 ფურცელს, ხოლო მიჱ (58) რვეული - 12 ფურცელს. 

აღნიშნვა ხდება ძირითადად ასომთავრულითა და ზემოთ-ქვემოთ ქარაგმის ნიშნებით, იშვიათად - სამივე მხარეს ვარსკვლავითა და ზემოთ ქარაგმით თითოეული რვეულის დასასრულსა და ახალი რვეულის დასაწყისში (ძირითადად, ქვედა არშიაზე, იშვიათად - რვეულის დასაწყისი ზედა არშიაზეცაა). რამდენიმე რვეულის დასაწყისი არ არის აღრიცხული: მვ (46), მთ (49), მია (51)). შესაძლოა, აღრიცხვა ზოგან გვიან მონიშნეს და არ არის ხელნაწერის თანადროული.

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი ნაკლულია: მთლიანად აკლია მათესა და მარკოზის სახარებები, ასევე ლუკას სახარების პირველი რამდენიმე თავი (1:1-8:48). 188v-ზე ტექსტი არ ჩანს, გადალეული უნდა იყოს; ნაკლულია ბოლოშიც; ბოლო გვერდსაც (192v) ატყვია ასომთავრული ტექსტის კვალი, თუმცა არ იკითხება. არშიებია ჩამოჭრილი შემდეგ ფურცლებზე: 42, 50, 61, 98, 153, 168, 185, 186, 188, 190, 192. ეტრატი - ხელნაწერის თავსა და ბოლოში დალაქავებული, დაზიანებული, გაუხეშებული. ტექსტი შიგადაშიგ გაცხოველებული ჩანს, შავი მელანი ტექსტის საკმაოდ დიდ ნაწილში მეორე მხარეს გადის.
გაფორმება:

ხელნაწერში განსაკუთრებით გამოირჩევა ლუკას სახარების ბოლოსამკაული (96r), რომელიც ჯვარედინ ხაზებში ჩასმული წერტილებით (ვარსკვლავებით) არის შემკული და ბოლოში ლოგიკურად სრულდება გოლგოთის ჯვრის გამოსახულებით; დეკორის ელემენტები მარტივია, თუმცა სიმეტრიულობა და პროპორციები დაცულია: ჯვარი ზუსტად არის ჩასმული განკანონების ხაზებში. გამოირჩევა ასევე იოანეს სახარების ბოლოსამკაული (191r): მთელი ტექსტი სტილიზებულ ჩარჩოშია ჩასმული ორივე მხარეს შეწეული გვერდებითა და მათში ჩასმული ორი სხვადასხვა ზომის ჯვრის გამოსახულებით. ბოლო ორი გვერდი უკავია კამარებს სახარებათა საძიებლებით (191v, 192r). აქაც ძირითადი ლეიტმოტივი ფორმის სიმარტივეა. სახარების ერთგვარ შემკულობად შეიძლება ჩაითვალოს სადა და, ამავე დროს, მონუმენტური ხასიათის, შიგადაშიგ კი სტილიზებული საზედაო გრაფემები (13r, 51v, 52v, 67v, 68v…). დიდი ალბათობით ხელნაწერი გადამწერის მიერ უნდა იყოს მოხატული. 

ერთგან შენიშნება მარტივი ჩანახატები (93r, ქვედა არშია), რომლებიც ხელნაწერის თანადროული არ უნდა იყოს.

დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

[...]მან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშუიდობით... (ლუკა 8:48) (1r).

წყდება:

ხოლო არიან სხუაჲცა მრავალ, რომელ ქმნა იესუ, რომელნი თჳმცა დაიწერებოდეს თითჳეულად, არცაღამცა, ყოველმან სოფელმან დაიტია დაწერილი წიგნები (191r).

  1. არ იკითხება, თუმცა ხელნაწერის თანადროული უნდა იყოს (ნუსხური, 36v, ქვედა არშია).


  2. "გულნაზირ მიიცვალა იანვარს კზ, ქორონიკონს უკზ" (ნუსხური, 1r, მარცხენა არშია).


  3. "სულსა რომანოზს შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ" (ნუსხური,5v, ქვედა არშია).


  4. "[...] [...] [...]ვედრე, ამინ, კირიელეისონ. [...] [...]ნ, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 96r, გოლგოთის ჯვრის მარცხენა მხარეს, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  5. "ღმერთო, შეიწყალე ისაკ, ამინ, კირიელეისონ", "ღმერთო, შეიწყალე ევგენი, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 96r, გოლგოთის ჯვრის მარჯვენა მხარეს, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  6. "წ. ღმერთო, შეიწყალე ისაკა, ამინ, კირიელეისონ". "ღმერთო, შეიწყალე ევგენი, ამინ კირიელეისონ" (ნუსხური, 97r, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  7. "წ. ღმერთო ჩემო და შემწეო ჩემო, გჳლთა და გონებაჲთა აქა მელნი ვსცადე და სახარება[ა]ო, შემინდევ, ა(მი)ნ (ნუსხური, 148v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  8. "საულსა პპანსა შეუნდვენ ღმერთმან, მისა მეუღლესა მისტუნსა, ამინ" (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  9. "სულსა ციცურისა შეუნდვენ ღმერთმან" (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  10. "სულსა დოვლათისა შეუნდვენ ღმერთმან" (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  11. "[...]ურსა შეუნდვენ ღმერთმან, ამინ. [...]სალ შეუნდვენ ღმერთმან, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 191v, ქვედა არშია).


  12. "სულსა კიკუსასა შეუნდვენ ღმერთმან, ა(მი)ნ (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  13. "სულსა ფშგისა შეუნდვენ ღმერთმან, ამინ" (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  14. "სულსა შჳდურსა შეუნდვენ ღმერთმან, ამინ" (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  15. "სულსა გ[...]ულსტანსა, ა(მი)ნ, ა(მი)ნ" (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  16. "სულსა დიახრბლსა შეუნდვენ ღმერთმან, ამინ (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  17. "სულსა გულქანს შეუნდვენ ღმერთმან, ამინ" (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  18. "მკრადიჳ შეუნდვენ ღმერთმან, ამინ (ნუსხური, 191v, ქვედა არშია, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  19. "საულსა გულნარისასა შეუნდვენ ღმერთმან, ამინ" (ნუსხური, 191v, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  20. "სულსა ფარიხნის შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ" (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  21. "ღმერთო, შეიწყალე ელნი, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  22. "წ. სულსა ხრსა შეუნდვენ ღმერთმან, ამინ" (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  23. "საულსა თუხარელსა შეუნდვენ ღმერთმან, ამინ (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  24. "ღმერთო, შეიწყალე ისაკა მღრდელი, ამინ, კირიელეისონ, მისა მეუღლესა ევგენის შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ" (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  25. "[...] ღმერთო, შეიწყალე თევდ(ო)რა [... ... ...]. ღმერთო, შეიწყალე გულჯან, ამინ" (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  26. "ღმერთო, შეიწყალე აზიზ მელიქ, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  27. "ღმერთო, შეიწყალე ფიხან, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  28. "გურქლოსა, ამინ, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 192r, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  29. "წ. სულსა ისაკ შეუნდვენ ღმერთმან; სულსა ევგენისა შეუნდვენ ღმერთმან (ნუსხური, 192v, კამარის ქვეშ, ყავისფერი მელნით, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  30. "წ. ესაე წმიდა ოთხთავი დავხსენ მე - ისაკ მღრდელმან მაცხოვრის ხელადმან, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 192v, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  31. "წ. ღმერთო, შეიწყალე ისაკ მღრდელ, ამინ. მისა მეუღლესა ევგენის შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ, კირიელეისონ" (ნუსხური, 192v, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  32. "[... ... ... ...]" (ნუსხური, 192v, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  33. "[... ... ...] შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ" (ნუსხური, 192v, კამარის ქვეშ, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  34. "სულსა ანახათუნს შეუნდვენ ღმერთმან, ა(მი)ნ" (ნუსხური, 192v, კამარის ქვეშ, ყავისფერი მელნით, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  35. "ღმერთო, შეიწყალე ანახათუნ, ამინ" (ნუსხური, 192v, კამარის ქვეშ, ყავისფერი მელნით, ისაკ მღვდლის მინაწერი).


  36. "ჩღმვ (1746) ფედრევარსა(!) (ნუსხური, 96v, ცარიელი გვერდი).


  37. ბერძნული მინაწერების კვალი (96r).


  38. სომხური მინაწერი: մկրտիչ (192r).


  39. ყდაზე XX საუკუნეში შესრულებული ფრანგული წარწერა: 

    Manuscrit des Evangiles, en grandes lettres initiales, Xe siècle.

    Il manque l’Evangile de S. Matthieu et les quatre premiers chapitres de S. Marc.

    Luc et Johannes

    Ms contient

    Ev. Secundum Lucam [Conf] 8.49 ad finem

    Ev. Secundum Iohannem 

    თარგმანი: სახარება შესრულებული საზედაო ასოებით, X საუკუნე: ლუკა და იოანე, აკლია მათეს სახარება და მარკოზის სახარების პირველი ოთხი თავი. [ხელნაწერი] მოიცავს ლუკას სახარებას [თავ] 8.49 და იოანეს სახარებას სრულად).


  40. "შევასხმიდეთ კართა ზე ქ. ღმერთო ჭეშმარიტო" (127v, ზედა არშია).


  41. უმნიშვნელო მინაწერები: 28v, 72v, 95v, 122v, 123v, 124r, 143v.


  1. ასომთავრული - წვრილი განივი ხაზებით შეერთებული სქელი ვერტიკალური ხაზებისა და ნახევარწრეებისგან შემდგარი სადა დიდი და მსხვილი გრაფემები. ზოგან გადამწერის ხელითვე ჩართულია რამდენიმე ნუსხური სიტყვა (54r, 121r, 126v, 146r, 147r, 148r, 168v), ნუსხურითვეა ნაწერი სახარებათა საძიებლების ნაწილი.

  2. ტექსტი ნაწერია ორ სვეტად. 

  3. მთელი სახარების ქვედა არშიებზე აღნიშნულია სახარებათა ამონიოს ალექსანდრიელისეული და ევსევი კესარიელისეული დაყოფის მაჩვენებლები.

  4. ხელნაწერის ზედა არშიებზე, გაშლილი გვერდის v-ს მარცხენა და r-ს მარჯვენა არშიებზე გადმოსული ასომთავრული ტექსტის კვალი შეინიშნება: 10v, 11r, 14v, 15r, 16v, 17r, 18v, 21v, ხის ყდის უკანა ფრთა; გადმოსული ტექსტის წაკითხვა ვერ ხერხდება, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის უცნობია ამავე ხელნაწერის კვალია, თუ რომელიმე სხვა ხელნაწერის ფრაგმენტიდან გადმოტანილი ტექსტი.

  5. ხელნაწერში შედის ლუკას სახარების ნაწილი (ლუკა 8:48-24:52-53, (1r-96r)) და იოანეს სახარება სრულად (97r-191r), ასევე სახარებანი ზატიკთანი იოვანეს თავისანი (191v-192r).

  6. სახარების ტექსტი ათონელებამდელი რედაქციის არის და უძველეს ქართულ ოთხთავთა შორის ირიცხება.

  7. მინაწერები ძირითადად XVII-XVIII საუკუნისაა. ოთხი სხვადასხვა ხელი გამოირჩევა: 1) პირველივე გვერდზე მინაწერია ვინმე გულნაზირის გარდაცვალების შესახებ (1739 წლის 27 იანვარი); 2) თითქმის ყველა სხვა (სულთა მატიანეც) ერთი ხელითაა ნაწერი და უნდა ეკუთვნოდეს ისაკ ხუცესს (XVII-XVIII სს.); 3) სხვა ხელითაა ნაწერი 5v-ზე განთავსებული მინაწერი, რომელიც ვინმე რომანოზის მოხსენებას ითხოვს და ეს მინაწერი სხვებს შორის ყველაზე ადრეული უნდა იყოს (XVI ს.). ამ მინაწერის ხელი ძალიან ჰგავს რომანოზ მეხეჩისძის ხელს (მან 1534 წელს ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, კალმახის ციხეში გადაწერა ოთხთავი); 4) 1746 წლით დათარიღებული მინაწერი (96v).

  1. ანბანდიდი, სახარება-ოთხთავის IX საუკუნის ხელნაწერი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მანანა მაჩხანელმა, თბილისი, 2010 წ.

  2. ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ივანე იმნაიშვილმა, თბილისი, 1979, გვ.17, 47.

  3. კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, 1980, გვ. 412.

  4. პავლე ინგოროყვა, ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, მნათობი, 1939, N4, გვ.128.

  5. საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები, ქართულ ხელნაწერთა კოლექცია (IX-XIX), შემდგენელი მ. ჭუმბურიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, თბილისი, 2011, გვ. 11-12.

  6. ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა, თბილისი, 2016, გვ.

  7. UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები, თბილისი, 2018, გვ. 32-35.

  8. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.112-113.

  9. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.57-62.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლენინგრადის (დღეს პეტერბურგის) სალტიკოვ-შჩედრინის საჯარო ბიბლიოთეკიდან.

  2. 2015 წელს სახარება შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში.

ციტირება

სახარება / ოთხთავი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/129 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში